კენ სკულანდის ჯონათან გალიბლის თავგადასავალი ღირებული წიგნია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დაინახოს სოციალური სამართლიანობის თუ ეკონომიკური სისტემების მაგალითები ნაწარმოების სახით.
ავტორი მარტივი და გასაგები ენით ცდილობს ახსნას და დაგვანახოს ის გარემოებები და ცხოვრების ხარისხი, იმ შეზღუდვებისა და ინიციატივების, მანკიერი წესების და კანონების ფონზე, რაც კუნძულ კორუმპოზე ხვდება ჯონათანს.მთავარი პერსონაჟის თავგადასავლების პარალელურად, მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება წინააღმდეგობის, ცვლილებების თუ პროტესტის გრძნობა.შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ თავში მთელი სიმძაფრით არის მოცემული ისტორიები, რომლებიც სოციალურ უსამართლობამდე და ეკონომიკურ კატასტროფებამდე ელვის სისწრაფით მიექანებიან. ცხადია, შეგხვდებათ რიტორიკული კითხვები, რომლებზეც პასუხები ისევ წიგნში უნდა ვეძიოთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ნაწარმოების კითხვისას, მკითხველი არ არის მარტო და ჯონათანისთვისაც მიუღებელი და აბსურდულია ის რეალობა, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდა. სამართლიანია აღინიშნოს, რომ ამ ისტორიის მანძილზე არიან პერსონაჟები, რომლებიც შეფარვით და მალულად, თუმცა მაინც ეწინააღმდეგებიან და განსხვავებულ აზრს ატარებენ კუნძულზე.
ეს წიგნი უმეტესად სათავგადასავლო და სასწავლო შინაარს მეტად ატარებს, თუმცა ის მხატვრული ენით აღწერილი ეპიზოდები და უდაოდ საინტერესო სამწერლობო მანერაც შეუმჩნეველი არ დარჩება მკითხველის.
ეს წიგნი ძალიან დაეხმარება როგორც მოსწავლეებსა და სტუდენტებს გაიაზრონ ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ეკონომიკურ ურთიერთობებთანაა დაკავშირებული, ასევე მასწავლებლებს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. წიგნში მოცემული თემები შეიძლება ინტეგრირდეს თითქმის ყველა საგანთან. ჩემთვის, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებლისთვის, სამაგიდო წიგნი ნამდვილად გახდება.
ერთმნიშვნელოვნად გასააზრებელია ის ღირებულებები და პრინციპები ეკონომიკური პრინციპების, სამართლიანობის, სოციალური ურთიერთობების, სახელმწიფოებრივობის, ინდივიდუალური სუვერენიტეტის თუ თავისუფალი საზოგადოების შესახებ, რომელიც ასე გასაგები ენით არის გადმოცემული ამ წიგნში.
ნინო ბუღაძე
ილიაუნი