ეკონომიკა და ცხოვრება. თავი1. რა რჩება მეწარმეს

თავი1. რა რჩება მეწარმეს

  • მიმაჩნია რომ უბრალოდ უგნურებაა მუშის მიერ ზედმეტი ღირებულების შექმნაზე საუბარიც კი – თქვა ლექტორმა და მსმენელებს გადახედა – ფასი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდებით და ეს ეხება ყველაფერს, მათ შორის სამუშაო ძალასაც.
  • აბა მოგება საიდან რჩება მეწარმეს? – იკითხა კიკინებიანმა სათვალიანმა გოგონამ.
  • საინტერესო საკითხია და სწორედ ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ ახლა. ჯერ განვსაზღვროთ თუ ვინ არის მეწარმე. თქვენ რას ფიქრობთ ? – თქვა და მოათვალიერა ჯგუფი, აზრის გამოთქმის მსურველის აღმოჩენის იმედით.
  • ბილ გეითსი – თქვა წვერიანმა ახალგაზრდამ, როცა ლექტორმა მზერა მასზე შეაჩერა.
  • ჰმ – ჩაიღიმა ლექტორმა – ერთი მეწარმეა მსოფლიოში?
  • ნუ, მილიარდელები, მილიონერები – იყო წამოძახილი ჯგუფიდან.
  • კიდე ?
  • ფერმერი, გლეხი – უპასუხეს მცირე პაუზის მერე.
  • კიდე? – სიჩუმის მერე გააგრძელა – არ არის საჭირო ამ ტერმინის მიწებება მხოლოდ გარკვეულ ადამიანებზე. მეწარმე არის ყველა, ვინც რისკავს რა საკუთარ ქონებას, ქმნის რაღაც სიკეთეს სხვა ადამიანებისთვის, ცხადია შესაბამისი სარგებლის მიღების მიზნით. ასევე ცხადია ის ცდილობს ეს სარგებელი იყოს რაც შეიძლება დიდი – პაუზის მერე გააგრძელა – ვფიქრობა აქ სადაო არაფერია და ყველანი მეთანხმებით.  ახლა საკითხავია შეიძლება თუ არა მეწარმის სარგებელი იყოს ძალიან დიდი და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ის ძალიან დიდი.
  • თუ მეწარმე მონოპოლისტია, მაშინ – წამოიძახა ბავშვურ სახიანმა სტუდენტმა.
  • მართალია, კიდე?
  • ბილ გეითსი მონოპოლისტია? – იკითხა კიკინებიანმა გოგონამ.
  • რას იტყვი ამაზე? – მიუბრუნდა ლექტორი ბავშვურ სახიანს.
  • ბილ გეითსი ინოვატორი იყო, შექმნა ისეთი რამ, რაც არავის ქონდა იმ მომენტში და ფაქტიურად ამით იყო მონოპოლისტი. შემდეგშიც ყოველთვის უსწრებდა კონკურენტებს ერთი ნაბიჯით, რის ხარჯზეც ინარჩუნებდა მონოპოლიურ მდგომარეობას ბაზარზე და ახლაც ასეა ჯერჯერობით.
  • ანუ გამოდის მონოპოლურ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს მეწარმემ, რათა შეძლოს სერიოზული მოგების მიღება…
  • კი, ასეა, ოღონდ თუ ამას თავისი უნარით აღწევს, სხვების შეზღუდვის გარეშე, მაშინ ეს დასაშვებია და ნორმალური, ხოლო თუკი ვინმე უქმნის ასეთ მდგომარეობას ხელოვნურად, ვთქვათ სახელმწიფო, მაშინ ეს მიუღებელი და განვითრების შემაფერხებელი.
  • კარგად მსჯელობთ – შეაქო ლექტორმა – მაგრამ დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს საკითხს და ჩვეულებრივ მოკვდავ მეწარმეებს. მაგალითად ავიღოთ ადამიანი, რომელსაც აქვს პურის საცხობი და აცხობს შოთებს. რომელსაც ყიდის 80 თეთრად ცალს. ამ მაგალითის კარგად გააზრება ნიშნავს რომ გავიგებთ ბაზრის მუშაობის მექანიზმს, რომელიც გამოსადეგია დიდი და ყოვლისმომცველი ბიზნესისათვისაც.  – პაუზის მერე გააგრძელა – ვინ მეტყვის რაში იხარჯება ეს 80თეთრი?
  • მაგით მარილსაც ვერ იყიდის – თქვა ერთმა
  • მასე ნუ მივუდგებით, თუ ასი ათას პურს გაყიდის, მაშინ ეს უკვე ოთხმოცი ათასი ლარია. გავყოთ პროპორციულად და ვთქვათ რაში იხარჯება ეს ოთხმოცი თეთრი?
  • ნახევარი ალბათ ფქვილში და სხვა საჭირო ნედლეულში – თქვა ბავშვურ სახიანმა სტუდენტმა.
  • კი – დაეთანხმა ლექტორი
  • ხელფასებში, გადასახადებში – დაამატა ისევ იმ ბიჭმა
  • მართალია. პირობითად ვთქვათ, რომ ნახევარი, ანუ 40თეთრი მიდის ფქვილში და სხვა საჭირო ნედლეულში, 20თეთრი გადასახადებში, 10თეთრი ხელფასებში, 5თეთრი კომუნალურ ხარჯებში და 5თეთრი რჩება მეწარმეს. არ ჩათვალოთ რომ ზუსტად ასეა, ეს ძალიან ძალიან მიახლოებითია, თუმცა მსჯელობისათვის ეს მიახლოება საკმარისია. – ჯგუფს გადახედა და შემდეგ თქვა – ცხადია თუ მეპურე პურს გაყიდის უფრო ძვირად, მისი ზოგიერთი გასავალი მოიმატებს, მაგალითად გადასახადი, შეიძლება ხელფასი, მაგრამ მასალები არ უძვირდება. შესაბამისად, თუ 80-ის ნაცვლად 90თეთრად გაყიდის, 5თეთრის ნაცვლად დარჩება 12-13 თეთრი. რას იტყვით, რატომ არ აძვირებს ჩვენი მეპურე პურს?
  • ვინღა იყიდის მაშინ – თქვა წვერიანმა.
  • სწორია, ვერცერთი მეწარმე თავის პროდუქტს ვერ გაყიდის რეალურ საბაზრო ფასზე მეტად, თავის პროდუქტის გაძვირებით, კონკურენტს ახეირებს, რადგან იმას მეტი გაეყიდება. გასაგებია? – ჯგუფმა ერთი გადაიჩურჩულა და ყველა დაეთანხმა. – ნაკლები ფასი ნიშნავს რომ მეტ პურს გაყიდის, გასაგებია, რა იქნება ჩვენმა მეპურემ რომ პურის ფასი შეამციროს 75თეთრამდე? ხომ მეტი გაეყიდება?
  • თუ 5თეთრი მოგება რჩება 80-დან, 75-დან რაღა დარჩება – თქვა ისევ წვერიანმა.
  • სწორია, დაკლებას აზრი არ აქვს და თუ კონკურენტები მოახერხებენ 75თეთრად გაყიდვას, მაშინ ჩვენი მეპურე უბრალოდ შეწყვეტს პურის ცხობას, რადგან ის ვერ მიიღებს თავისი რისკის შესაბამის მოგებას.
  • კონკურენტები როგორ შეძლებენ უფრო იაფად გაყიდვას, თუ ჩვენს მეპურეს არ აწყობს 75-ად გაყიდვა, მაშინ არც იმათ მოაწყობთ – თქვა ბავშვურსახიანმა.
  • მართალია, ვერ შეძლებენ, თუ რამე ტექნოლოგიური სიახლე არ შემოიტანეს ამ ბიზნესში და რადგან პურის ცხობაში ჯერჯერობით რამე განსაკუთრებული სიახლე არ არის, ამიტომ ფასი ერთნაირია თითქმის. შესაბამისად მეწარმეს რჩება ზუსტად იმდენი, რამდენიც უღირს მას თავის მიერ გაწეული რისკი, რადგან თუ არ დარჩა ამდენი, ის თავს დაანებებს პურის ცხობას, ხოლო თუ როგორღაც მოხდა და დარჩა რისკის შესაბამისზე მეტი მოგება, სულ მალე გამოჩნდება სხვა მეწარმე, რომელიც ასევე გააკეთებს საცხობს და გაუწევს კონკურენციას, რაც ისევ თავის ნორმაზე დაიყვანს ფასს – შეჩერდა, ჯგუფი შეათვალიერა და დაამატა – ხომ გაიგო ყველამ, როგორ ყალიბდება ფასი თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში?
  • ბილ გეითსისთვის არ გამოჩნდა რაღაც კონკურენტი „სულ მალე“ – გაიცინა წვერიანმა ახალგაზრდამ
  • რატომ, რას ფიქრობთ? არ მოქმედებს იქ თავისუფალი ბაზრის კანონები?
  • მისი ფირმა მუდმივად ინოვაციების შემოთავაზებით არის დაკავებული, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული მდგომარეობა უჭირავს ბაზარზე – თქვა ბავშვურსახიანმა და დაამატა – ალტერნატივები არსებობს, მაგრამ გეითსი უკეთ ახერხებს თავისი პროდუქტის გაყიდვას.
  • მართალია – თქვა ლექტორმა – ეს და კიდე ბევრი ნიუანსი მოქმედებს არამარტო მსხვილ ბიზნესებში, მაგრამ არცერთი მათგანი არ ეწინააღმეგება თავისუფალი ბაზრის კანონს. თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში მოგებულია ყველა: მომუშავე იღებს შეთანხმებულ ხელფასს, სახელმწიფო იღებს გადასახადს, მეწარმე იღებს თავისი რისკის შესაბამის მოგებას და რაც მთავარია, მომხმარებელი იღებს პურს ოპტიმალურ ფასში. და რომ ოპტიმალური ფასი ჯობია ხელოვნურად დაწესებულ ზღვრულ ფასს, ამას შემდეგში ვნახავთ.



ამ ნაწილის ვიდეო (ნაწილი #1).

პერსონაჟის ჩანაწერებიდან – კიკინებიანი გოგონა:

მე 18 წლისა ვარ ჯერ, ამიტომ ცხადია არ მახსოვს საბჭოთა დრო, თუმცა მშობლები იხსენებენ ხოლმე ხშირად და ბევრი რამ ვიცი. ისინი პატიოსანი და მართალი ადამიანები არიან, მაგრამ ხშირად მეჩვენება, რომ არ ესმით რას ნიშნავს მათი ნათქვამი. მე მინდა გავერკვე რა და რატომ ხდება ადამიანთა ცხოვრებაში ისე, როგორც ხდება და რატომ არა ისე როგორც ზოგი თეორიის მიხედვით უნდა ხდებოდეს თითქოს.

საბჭოთა დროში ბიზნესმენები არ ერქვათ, მაგრამ იყო ხალხი, რომელიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული. განსაკუთრებით ებრაელები იყვნენ ცნობილი თავიანთი უნარით და მოხერხებულობით. 1970-იანებში მათ საშუალება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, რაც ბევრმა ებრაელმა გამოიყენა კიდეც, რათა თავი დაეღწია საბჭოთა სისტემისათვის. ერთი ანეგდოტი მახსენდება ახლა ამ ამბავზე:

კოლმეურნეობის კრებაა და განსახილველია ორი საკითხი: 1. ფერმის გაფართოების სარგებლიანობა, 2. მორდეხა მიდის ისრაელში. პირველ საკითხზე ცხარე კამათი გაიმართა, ზოგი იძახდა გავაფართოოთო, ზოგი იძახდა ტყუილი ხარჯიაო. ვერ გადაწყვიტეს საკითხი და გადადეს შემდეგისთვის. მეორე საკითხის განხილვისას მორდეხა ემშვიდობება სოფელს და ამბობს: არ შემიძლია ჩემი სახლი წავიღო, ამიტომ იმას გადავცემ კოლმეურნეობას, რადგან საბჭოს შენობა ძალიან ამორტიზებულია; ჩემს ახალ მანქანას დავუტოვებ კოლმეურნეობას, რადგან ის მანქანა, რომლითაც ქალაქში მიდიან ხოლმე, ძალიან ძველია, ხშირად ფუჭდება და საქმეზე გაგვიანდებათ ხოლმეო;

ამ დროს წამოხტა ერთი მოკამათე და იძახის: რად გვინდა ფერმის გაფართოება, არ ჯობია მორდეხეები მოვაშენოთ?

ამ ნაწილის ვიდეო (ნაწილი #2).

გააზრებისთვის

მონაწილეებს ურიგდებათ სხვადასხვა მოაზროვნის ნაშრომებიდან ამოღებული ფრაზები. თითოეულმა უნდა წაიკითხოს თავისი ფრაზა, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს და ახსნას თავისი პოზიცია.

  1. ჩემი სიცოცხლის ყოველი წამი მეკუთვნის მე და მხოლოდ მე;
  2. მხოლოდ მე მაქვს უფლება გამოვიყენო ჩემი კუთვნილი თითოეული წამი ჩემი შეხედულებისამებრ, გავფლანგო, ან გავცვალო ფულში, მილიონში თუ მემილიონედში, ჩემი გადასაწყვეტია .
  3. არავის აქვს უფლება წამართვას ჩემი ცხოვრების თუნდაც ერთი წამი ან ჩემი სიცოცხლის წამებში გადაცვლილი ფული თუ სხვა ნებისმიერი ქონება;
  4. ჩემი ცხოვრების ნებისმიერი წამის წართმევისკენ მიმართული ქმედება განიხილება როგორც ძალადობა ჩემზე, რაც უფლებას მაძლევს გამოვიყენო ძალა ამ ძალადობის წინააღმდეგ.
  5. ძალის გამოყენება ჩაითვლება ძალადობად, თუ გადააჭარბებს მოძალადის შეკავებისთვის საჭირო დონეს.
  6. შესაბამისად მე არ მაქვს უფლება წავართვა სხვას მისი ცხოვრების თუნდაც ერთი წამი ან ამ წამით გამომუშავებული ქონება; /ილია: რაც სხვისაა, – ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, – ეგ ჩემი უფლებაა.
  7. სიღატაკე სირცხვილია, რადგან ეს ნიშნავს არასოდეს არავისთვის რამე ღირებული არ გაგიკეთებია! /ილია: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე.
  8. რანაირად შეიძლება გავხადოთ ცხოვრება უკეთესი ქვეყანაში, სადაც ჩვენს აზროვნებაში ქურდი, აბრაგი, ყაჩაღი აღიქმება უფრო დადებითად, ვიდრე მევახშე და სპეკულანტი, ან თუნდაც ბანკი?
  9. ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს დოვლათის წართმევას მის შემქნმელზე და სხვებზე გადანაწილებას, არის გაღარიბების იდეოლოგია.

მავნებლობაა ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც ამართლებს ვინმეზე რამის წართმევას, გაჭირვებულთა დახმარების მოტივით.

მე მგონია სამართლიანია ჩემი გამომუშავებული იყოს ჩემი და შენი გამომუშავებული კი შენი. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამიხსენი, რამდენი გეკუთვნის შენ ჩემგან და რატომ? /ტომას სოუელი

მე მთქმელთან საქმე არა მაქვს-რა. მე ვებრძვი აზრს და ამ აზრის გამოსარკვევად მარტო საჭიროა ვიცოდეთ ის კი არა, ვინა სთქვა, არამედ ის, ვის უთხრეს. /ილია

რაც სალარო გაქვს, თუ არ იხმარებ, ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის. /სულხან საბა ორბელიანი

უგუნურების ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა, ადამიანმა ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის და თან იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც შეიცვლება. /ალბერტ აინშტაინი

თუ გინდა დაეხმარო ადამიანებს, უთხარი მათ სიმართლე. თუ გინდა დაეხმარო საკუთარ თავს, უთხარი მათ ის, რისი მოსმენაც სურთ. /ტომას სოუელი

ადამიანებს შორის დამოკიდებულების ორი ძირითადი ფორმა არსებობს — მშვიდობიანი თანამშრომლობა და ძალადობრივი ექსპლუატაცია, წარმოება და მიტაცება. /მიურეი ნ. როთბარდი

ვერავინ შეძლებს ბაზრის გარდა, ადამიანის პიროვნული წვლილის განსაზღვრას საერთო პროდუქტში. /ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი

მცირე ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, ღირსეულად იცხოვრონ თავიანთი გასამრჯელოს ხარჯზე, მისი არასწორად გამოყენებისკენ უბიძგებს. /ლი კუან იუ

რომ არა ნიჭიერი უცხოელები, სინგაპური ასეთი წარმატებული სახელმწიფო ვერ გახდებოდა. /ლი კუან იუ

ნებისმიერს, ვინც ივარაუდებდა, რომ 1965 წელს, როდესაც ჩვენ მალაიზიას გამოვეყავით, სინგაპური მსხვილი ფინანსური ცენტრი გახდებოდა, შეშლილად ჩათვლიდნენ. /ლი კუან იუ

რა არის პარანოია? ეს არის რწმენა, რომ ყველაფერი, რაც სამყაროში და ჩემს გარშემო ხდება, ჩემკენაა მომართული. … მაგალითად უბერავს ქარი – მას რაღაც უნდა ჩემგან; … ჩვენი პოლიტიკური აზროვნება დღეს პარანოიკულია. /მერაბ მამარდაშვილი

ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი საკუთარი სხეულით უნდა გადაიხადო. /მერაბ მამარდაშვილი

ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. /ვაჟა-ფშაველა

თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს. /ვაჟა-ფშაველა

ტყუილი ჩივილია, ტყუილი ტირილია უფულობისა, უქონლობისა. უნდა ვტიროდეთდა ვჩიოდეთ უცოდინარობას, უვიცობას, იმიტომ რომ სათავე და მიზეზთა-მიზეზი ყოველუბედურობისა ეგ უვიცობა, ეგ ცოდნის უქონლობაა. /ილია ჭავჭავაძე

დროა გონზედ მოვიდეთ და დაუვიწყარად გვახსოვდეს, რომ რასაც კაცი თავის თავს თავის მხენობით უშველის, იმას სხვა ვერ უშველის. /ილია ჭავჭავაძე

უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა. /ილია ჭავჭავაძე

დღეს თითქმის ყველგან პროტექციონობის გაძლიერებას ვხედავთ, თუმცა მეცნიერებისაგანკი ანდერძაგებულია და დაწუნებული. /ილია ჭავჭავაძე

თავად-აზნაურობამ – ბევრია თუ ცოტა – თავის შვილების სწავლა-განათლებას უნდა თავის ჯიბით მიეშველოს. /ილია ჭავჭავაძე

იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა? /ილია ჭავჭავაძე

გამხილება კი არ არის დევნა-ძულების ამტეხი მიზეზი, არამედ გამხილებულის ჩადენა და ქმნა არის. /ილია ჭავჭავაძე

ამ ნაწილის ვიდეო (ნაწილი #3):

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top