ჯონათან გალიბლის თავგადასავალი
კენ სქულანდის „ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ არის ნამდვილად საინტერესო, სააზროვნო, გამორჩეული და შთამბეჭდავი წიგნი. ტექსტი მეტად გასაგები, მარტივი ენითაა დაწერილი. ამასთან, თითოეული თავი ერთ-ორ ფურცელს მოიცავს, რაც მის წაკითხვას უფრო იოლსა და ნაკლებად დამღლელს ხდის. სწორედ ამგვარი სტილი დაეხმარა გამოკვეთილიყო თითოეული თავის გამორჩეულობა და თავისებურებები.
თითოეული მათგანი ცალკეულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა. გარდა ამისა, წიგნში წამოწეული საკითხები პირდაპირ კავშირშია დღევანდელ რეალობასთან. წიგნი უბიძგებს მკითხველს დაფიქრდეს ბევრ ისეთ მნიშვნელოვან რამეზე, რაზეც ადრე არასდროს გაუმახვილებია ყურადღება, გაიაზროს თუ რა რატომ ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა შედეგს მოიტანს ადამიანთა უმოქმედობა, „სიბრმავე“. ამ მხრივ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თავი გახდა „დიდი მოაზროვნე“.
წიგნს ასევე უფრო ღირებულს ხდის მისი ინფორმატიულობა. ყველა ნახსენები ეკონომიკური ტერმინი მკაფიოდაა ახსნილი და, რაც მთავარია, აღწერილია სახელმწიფოს მუშაობის მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ წიგნი არამარტო წარმოაჩენს თანამედროვე პრობლემებს, არამედ აჩვენებს მათი გადაჭრის გზასაც. (რასაც ბოლო თავი აქვს დათმობილი)
ამგვარად, ის კარგად დაწერილი, დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი წიგნია. ვიმედოვნებ მას მაღაზიების ვიტრინებზე მალე ვიხილავ, რათა სხვა ბევრიც თავად დარწმუნდეს ამაში.
მარიამ სადაღაშვილი, გორის მეათე საჯარო სკოლა
11-06-2023