
„მშვიდობა ომია! სიბრძნე უცოდინარობაა! თავისუფლება მონობაა!“
„თავისუფლება ყველაზე დიდი ტვირთია, რომლის ზიდვასაც კაცობრიობა იტანს. თავისუფლება ყველაზე მძიმე ბორკილებია.“ – იდეა, რომლის თავს მოხვევითაც საზოგადოების უძრაობას, მორჩილებას და ყველაფრის მიმართ შეგუებულობას ცდილობენ ხოლმე. შეცდომების დაშვების ალბათობით შიშის ჩანერგვა, რაც საზოგადოებას ერთ, მდორე მდგომარეობაში ამყოფებს. უჩენს განწყობას, დღევანდელი ერთი სახის ყოფა, თუნდაც ძალიან უარყოფითი იყოს, ერჩივნოს ახალ, თავისი შრომით შექმნილ მომავალს. ეს და მსგავსი იდეები იმდენად ჯაჭვურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ხშირ შემთხვევაში, რომელიმე ნაწილის გარეშე შესაძლოა შედეგის გააზრებაც გაგიჭირდეს, ან ვერ მიხვდე, როგორ მივიდა საზოგადოება კონკრეტულ შედეგამდე.
იდეა კი ერთია, ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფისთვის თავისუფლების, თავისუფალი ნების, გადაწყვეტილების მიღების თუ პასუხისმგებლობების წართმევა, იწვევს ჯერ პიროვნების, შემდეგ საზოგადოების და, უფრო ფართოდ, ქალაქის თუ ქვეყნის განვითარების შეჩერებასა და რეგრესს.
ის დიადი იდეა, რაც პიროვნების თავისუფლებაში იგულისხმება, ადამიანის გაჩენისთანავე იღებს საფუძველს. მშობელს, აღმზრდელს, მასწავლებელს და ზოგადად საზოგადოებას სჭირდება, მთელი არსით ჰქონდეს გააზრებული თავისუფლება, მისი მნიშვნელობა, აზრი, როლი, ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებასა თუ შემდგომ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვფიქრობ, ჯონათან გალიბლის თავგადასავალი არაჩვეულებრივი ვარიანტია, მასწავლებლებმა თუ მშობლემა დაიხმარონ ბავშვთან ურთიერთობისას. წიგნი, რომელიც სავსეა პატარა ბიჭის ამბებით, დარწმუნებული ვარ, მათაც ჯონათანთან ერთად ამოგზაურობთ კორუმპოში. ააღელვებთ, გააკვირვებთ, ხანაც გააბრაზებთ, ყველა თავი ცალ-ცალკე დააფიქრებთ, საბოლოოდ კი, იმედი მაქვს, ისინიც ჯონათანთან ერთად დაბრუნდებიან „თავისუფლების მიწაზე“ – ახალი იდეებით, ენერგიით, რწმენითა და თავისუფლების მეტი სიყვარულით. ცოდნით, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ერთ ნათელ, თავისუფალ ადამიანსაც, რომელიც მზად არის ისწავლოს, გამოსცადოს, ბევრი იშრომოს, და საბოლოოდ მიაღწიოს თავის საწადელს. აქვე ბარდის სიტყვებს დავიხმარ, რომ „ათასობით შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც საკუთარ მიზნებს ეძებს და მიისწრაფვის მის მისაღწევად, ბევრად უკეთეს სამყაროს შექმნის, ვიდრე შენ შეიძლება მათთვის წარმოიდგინო.“
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი, რამელმაც დიდხანს დამაფიქრა, არის ფრაზა, რომელსაც ავტორი ეპილოგის ნაწილში გვიზიარებს და გვიმხელს მის სახელმძღვანელო პრინციპებს: „ბოროტება წარმოიქმნება არა მხოლოდ ბოროტი ადამიანებისგან, არამედ იმ კეთილი ადამიანებისგანაც, ვინც ითმენენ ძალის გამოყენებას, ოღონდ საკუთარ მიზნებს მიაღწიონ“. აღნიშნული ძალიან შევუსაბამე ჩვენს დღევანდელ ყოფას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ არჩეულ პოზიციას იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას თუ მოქალაქეებს უდგათ. ამ ფრაზას ყოველთვის ჩემთვის შევინახავ და ვფიქრობ, სახელმძღვანელო იქნება ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ადამიანისთვის.