ანა შალიკიანის გამოხმაურება

მოგზაურობა კორუმპოს კუნძულზე მოსწავლეებთან ერთად

ჯონათან გალიბლის მოგზაურობას ვერც სათავგადასავლო და ვერც საბავშვო
ლიტერატურის თაროზე ვერ იპოვით, არადა ორივეგან ეკუთვნის ყოფნა. მხატვრული
ღირებულებით დიდი ვერაფერი, ამასთან, სატირულობის ხარისხით მართლა შთამბეჭდავი ეს
წიგნი საკნატუნო ჩხირებივით მსუბუქად გეცლება თვალსა და ხელს შუა. ალბათ, ამიტომაც
ითარგმნა, 1988 წელს გამოცემის შემდეგ მალევე, 50-ზე მეტ ენაზე და ამიტომაც შეიქმნა მისი
არაერთი ანიმაციური ეკრანიზაცია. თარგმანებში პირველები კი თავისუფალი ბაზრის
რელსებზე შემდგარი ქვეყნები იყვნენ.


საბავშვო ლიტერატურულ კლუბში მუშაობამ გამომიმუშავა წიგნების დახარისხების ერთი
საზომი: ღირს თუ არა მისი წაკითხვა ბავშვებთან? თავის მხრივ, “ღირს” თუ არა-ს
გადაწყვეტა ბევრ მნიშვნელოვან ფასეულობასა და ინდიკატორზე დგას, დღეისათვის კი უკვე
გაბედულებაზეც. ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ფორმა, მეთოდი და ა.შ.
ფანტაზიის, გამოცდილების და ცდის და მოსინჯვის ამბავია. ზემოთ აღნიშნული საზომით,
“ჯონათან გალიბლის მოგზაურობა ანუ თავისუფალი ბაზრის ოდისეა” ნამდვილად არის
ბავშვებთან წასაკითხი წიგნი.


რატომ?


იმიტომ, რომ წიგნის მთავარი გმირის, მთლად ნორჩი ჯონათანის კუნძულ კორუმპოზე(!)
მოგზაურობის ამსახველი თითოეული, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ამბავი სინამდვილეში
კაცობრიობის ისტორიის ან/და დღევანდელობის ქრონიკებია, რაც გაძლევს საშუალებას
მოსწავლე ჩართო თამაშში თავად გამოიცნოს ან მოიკვლიოს ამა თუ იმ ამბის რეალური
მაგალითები მსოფლიოში, ამგვარად, გაიღრმავოს ცოდნა ისტორიაში, გეოგრაფიაში,
ეკონომიკაში და კიდევ ბევრ სხვა საგანში;


მაგალითად, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიგრაციის ფონზე, ზედმეტად რელევანტური თემაა
განხილვისთვის “ახალი ახალმოსულების” თავი, რომელშიც საუბარია კუნძულზე: “ეს
ხომ კუნძულია. წლების განმავლობაში ჩვენი წინაპრები საიდანღაც აქ ჩამოვიდნენ და
გახდნენ ახალმოსულები. ისინი ჩაგვრას და შევიწროებას გაურბოდნენ ან ცდილობდნენ
ცხოვრება გაეუმჯობესებინათ. ახალი ახალ მოსულები ბოლო დროს ჩამოსული ხალხია, მათ
წინააღმდეგ მოქმედებს კანონი – გავურთულოთ გზა ჩვენს შემდგომს.


იმიტომ, რომ წიგნის თითოეული თავი მაპროვოცირებელია და ცხარე კამათის გამართვის
ყველა შესაძლებლობას ქმნის. ამას არგუმენტირებული დებატების სტრუქტურაში ჩასვამ და
სისხლსავე წუთები გარანტირებულია. საქმეზე საქმიანად კამათის შემძლე თაობის
საჭიროება კი რამდენად აქტუალურია, ამას ჩვენი წინა და პოსტ საარჩევნო პერიოდიც
ადასტურებს;


მაგალითად, გადასახადების რაობის, ტიპების, ავკარგიანობაზე დასაფიქრებლად და
საკამათოდ ზედგამოჭრილია თავი “სიმაღლის გადასახადი”. 

– მაღლებს გადასახადი ეკისრებათ? – ჯონათანმა მიიხედ-მოიხედა და იგრძნო, რომ
ნელ-ნელა თავადაც მხრებში იხრებოდა.
– კი მაგრამ, არავინ გააპროტესტა?
– მხოლოდ მათ, ვინც დაჩოქებაზე უარი თქვეს – უპასუხა კაცმა…
– თქვენ მუხლებზე დაჩოქილი საგადასახადო შეღავათის გამო დადიხართ?
– რა თქმა უნდა! – დატანჯული ხმით უპასუხა კაცმა – მთელი ჩვენი ცხოვრება
საგადასახადო კოდექსს უნდა მოვარგოთ. ზოგიერთებმა ხოხვაც კი დაიწყეს ამის
გამო.”

იმიტომ, რომ წიგნი გვეხმარება მოსწავლეები დავაფიქროთ პირად თავისუფლებაზე,
საკუთრების უფლებაზე, სახელმწიფო რეჟიმებზე, დემოკრატიის დილემებზე, გადასახადების
ბუნებაზე, საზოგადოებრივი საზომების აბსურდულობაზე და სხვა საჭირბოროტო თემებზე.
ასე, მოსწავლეს თითქოს უფრო მომზადებულს უშვებ ზრდასრულ ცხოვრებაში შებიჯებისას
ინფანტილური კი არა, პრაგმატული იყოს.


მაგალითად, თავში “აპლოდისმენტმზომი” კუნძულ კორუმპოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე, საცირკო არენაზე(!), წარადგენს ხმების დათვლის ახალ სისტემას,
რომლის მიხედვითაც:

– “საარჩევნო ბიულეტენის შევსების ნაცვლად ამომრჩევლები დადგებიან კაბინებში და
ტაშს დაუკრავენ მაშინ, როდესაც მათი სასურველი კანდიდატის სახელთან ნათურა
აინთება.
– თვითონ კანდიდატები რას ფიქრობენ კენჭისყრის ახალ პროცედურაზე? – იკითხა
ფილმა
– უჰ, მათ ძალიანაც მოსწონთ ფილ. როგორც ჩანს, ისინი უკვე თავის მომხრეებს
ამზადებენ კიდეც ცვლილებებისთვის, მართავენ ხანგრძლივ შეხვედრებს ჰპირდებიან
რომ არჩევნების დროს სხვის ფულს საკუთარი მხარდამჭერებისთვის დახარჯავენ.
ასეთი დაპირებების დროს კი ოვაციებისაგან ლამის შენობა ინგრევა”

კიდევ ბევრი იმიტომ და მაგალითად შეიძლება დაიწეროს, უბრალოდ არ მინდა აღმოჩენების
ინტიმი და აზარტი წავართვა მკითხველს, ამიტომ აქ შევწყვეტ.

ეს მცირე მიმოხილვაც საკმარისი მგონია იმის სათქმელად, რომ კენ სქულანდის წიგნი
მართლა ეფექტური ინსტრუმენტია განათლებისთვის. ის უბიძგებს მკითხველს კამათის,
ანალიზისა და ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო ძალაუფლებას შორის ბალანსის
გააზრებისკენ. მოკლედ, ჯონათან გალიბლის მოგზაურობა აუცილებლად წასაკითხია
მათთვის, ვისაც სურს გაბედოს თავისუფლად აზროვნება და უფრო შორსაც წავიდეს –
შეძლოს ამგვარად ცხოვრებაც.

ანა შალიკიანი

ქუთაისის სკოლა პროგრესი, მასწავლებელი

11-02-2025 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top