კენ სქულანდის ნაწარმოები „ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს. იმის გარდა რომ ეს წიგნი სტრუქტურულად არის ძალიან სათავგადასავლო, ამ ნაწარმოებში დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, რაც დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და მნიშვნელოვანი საკითხებია.
„ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“ სხვა წიგნებისგან იმით განსხვავდება, რომ ეს წიგნი მარტივ ენაზეა დაწერილი, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ როგორც წიგნი წაიკითხოს, ასევე გაეცნოს იმ საჭირო ინფორმაციებს, როგორებიცაა ეკონომიკა და პოლიტიკა. ეს ნაწარმოები 40 თავიანი, რაც ჩემი აზრით, აძლევს მკითხველს საშუალებას, რომ რაც შეიძლება განსხვავებული ასპექტით დაინახოს ის საჭირბოროტო საკითხები, რაზეც ამ ნაწარმოებში არის გამახვილებული ყურადღება. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თავი იყო მეცხრე თავი: „ფულის წარმოება“. ამ თავში, მთავარი პერსონაჟი აწყდება ფულის ბეჭდვის პრობლემას კუნძულ კორუმპოში, რაც დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. ამ თავში ვხედავთ, თუ რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას ფულის ბევრ ბეჭდვასთან ერთად.
საბოლოოდ რომ ვთქვა, თუ ადამიანს სურს რომ მარტივად გაიცნოს სამყაროს განვითარების ელემენტები, ეს წიგნი მას აუცილებლად გამოადგება.
გიორგი ტყეშელაშვილი, მწვანე სკოლა
02-07-2023