ნინი სირბილაძის გამოხმაურება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

                         „გალიბლენდი“- წარმოსახვითი სინამდვილე

 

    კუნძული, რომელიც კენ სქულანდის პერსონაჟმა, ჯონათან გალიბლიმ აღმოაჩინა, სალიტერატურო გამონაგონია, თუმცა კითხვის დროს აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნული არა თუ გამონაგონი, არამედ ჩვენი ყოველდღიური სინამდვილეა. თურმე აქამდე ვცხოვრობდით კუნძლზე, რომელიც ერთ დროს ავტორის მთავარ პერსონაჟს აღმოუჩენია. წიგნი არ არის ის ფანტასტიკა, რომელშიც აღწერილი წარმოსახვითი გარემო პრაქტიკულ დანიშნულებას არ იძენს. ჯონათან გალიბლი, სიახლეების მოყვარული ინდივიდი, აწყდება რუტინაში ჩაკარგულ სიცოცხლედაკარგულ კუნძულს, რომლის აღწერითაც გვისახავს რიგ კრიტერიუმებს, თუ როგორი არ უნდა იყოს სამყარო. სამწუხაროდ, წიგნის გაცნობისას ვხვდებით, რომ სოციუმი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩამოთვლილთაგან ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ავტორი ზუსტად ხსნის იმ ეკონომიკურ პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფაც კაცობრიობაზე წარუშლელ ნეგატიურ კვალს ტოვებს. აქ ეკონომიკური თავისუფლების დაცვა პირდაპირი ანალოგია ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა.

წიგნში ჯონათან გალიბლი გამუდმებით სვამს კითხვებს, ეს  მხოლოდ ინდივიდისთვის დამახასიათბელი გონივრული მოქმედებაა. მთავარ პერსონაჟს ეჭვი შეაქვს ნებისიერ რუტინულ მოქმედებაში, ცდილობს გამოიკვლიოს კუნძულის წარუმატებელი ცხოვრების მიზეზები და, ალბათ, იმავე მოქმედებისკენ მოგვიწოდებს ჩვენც. ხშირად საზოგადოება „პატერნალისტური ცნობიერებით“ ვართ შეპყრობილი, რაც პატრონის ყოლის მუდმივ საჭიროებას გულისხმობს, პატრონის, რომელსაც სრულად დაეყრდნობი. შეიძლება ეს იყოს მშობელი, დამსაქმებელი, ქვეყნის სათავეში მოსული პირი ან ე.წ „გენერალური გეგმა“, რომლის მიმართაც ადამიანებს უპირობო ნდობა უჩნდებათ და ეჭვი საკუთარ უფლებების დაცულობაზე არ ებადებათ. მაგალითად, აქამდე ცოტა თუ დაფიქრდებოდა რა არის მონეტარული პოლიტიკა და რეალურად რა ძალაუფლებას ფლობს ეროვნული ბანკი. რა იწვევს ფულის გაუფასურებას და ვინ ადგენს საბაზრო ფასებს? რატომ ვიხდით გადასახადებს?  კუნძული, თავისი ბიუროკრატიით და თვითნებური კანონებით, ასახავს იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც თანამედროვე საზოგადოება დგას. ის ინდივიდებს უფლებას აძლევს კრიტიკულად გააანალიზონ გაბატონებული იდეოლოგიები, დაუპირისპირდნენ დოგმებს და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ლიბერალიზებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.  საინტერესოა თვით სახელწოდება „ჯონათან გალიბლი“, რომელიც აინ რენდის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის, ჯონ გალტის პარალელური სახეა. ჯონ გალტი არ შეიძლება კონკრეტულ პიროვნებად მივიჩნიოთ, ისევე, როგორც ჯონათან გალიბლი. ეს ფილოსოფიაა, რომელიც მუდმივად აპელირებს ინდივიდუალიზმსა და ადამიანის უფლებებზე. აინ რენდის ნაშრომებში ინდივიდთან ახლომახლო ყოველთვის დგას კოლექტივი, რომელიც ცდილობს შთანთქოს ყოველივე განსხვავებული და პროგრესული, სწორედ ამ პრობლემაზე მოგვითხრობს კენ სქულანდიც. ამაზე მიანიშნებს წიგნის მეორე სათაურიც „თავისუფალი ბაზრის ოდისეა“.

გალიბლის თავგადასავალში დიდი ყურადღება ეთმობა კერძო საკუთრების იდეას. ზოგადად, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცულობის შესახებ წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რა სახის კერძო საკუთრებას ფლობს იგი. წიგნის ერთ-ერთ თავში „ზიარობის ტრაგედია“ საუბარია ტბაზე, რომელიც ერთ დროს თევზის დიდ ნადავლს აწვდიდა მოსახლეობას. აქ კარგად არის ნაჩვენები ხატი ინდივიდუალური პასუხისმგებლობისგან დაცლილი საზოგადოებისა, რომელიც საერთო საკუთრებას ანადგურებს და ტბის ბოლოში ნაგავს ყრის. რატომ? -იმიტომ, რომ ტბა ყველას ეკუთვნის, ანუ ის არავის საკუთრებაშია. მეთევზეს  სურვილიც ამ ტბაზე პატრონობაა, მას საკუთრებასთან დაკავშირებით დიადი გეგმები აქვს, დასუფთავება, თევზის მრავალი ჯიშის მოშენება, თუმცა დრომოჭმული კანონები კერძო საკუთრების შესახებ მის იდეებს ახშობს.  აღნიშნული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად დააფიქრებს ყველა იმ პოტენციურად მომგებიან რესურსზე, რომელიც დღეს სახელმწიფოს ხელში იფლანგება. მიწებზე, ნატურალურ მინერალებზე, რომელთა კერძო საკუთრებაში გადასვლაც დიდ ეკონომიკურ მოგებას მოუტანდა ქვეყანას. აღნიშნულ საკითხს ეხმიანება თავი „ხალხზე ზრუნვის გეგმა“, რომელშიც ზუსტადაა აღწერილი კერძო საკუთრების ხელყოფა. ქალი, რომელმაც სახლი საკუთარი ძალებით ააგო, თვალს ადევნებდა მის დანგრევას, რადგან საკუთრება მისი აღარ არის. რეგულაციების, გადასახადების წყალობით სახლმა კერძო საკუთრების სახე დაკარგა. აღნიშნულ სიუჟეტზე მახსენდება აინ რენდის „პირველწყარო“, სადაც მთავარი პერსონაჟი, ჰოვარდ რორკი საკუთარ პროექტს ანგრევს, რადგან ხვდება, რომ ის უკვე აღარ იყო მისი საკუთრება, თავისი დამახასიათებელი ინდივიდუალიზმით. შესაბამისად მისი არსებობა საერთო საკუთრებაში დაუშვებელი იქნებოდა. სწორედ ასე ნადგურდება ყველაფერი კერძო, რომელიც სახელმწიფოსთან იჭერს საქმეს.  ინდივიდები საკუთრებას კოლექტივისთვის არ ქმნიან და რაწამს ცნება „კერძო“ მიუხალოვდება „საერთოს“, მაშინვე ისპობა ინდივიდუალიზმი და იკარგება განვითარების პერსპექტივაც.

-რა არის ადამიანი და როგორ მუშაობს იგი? ადამიანის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა თავისუფლება. ჯონათან გალიბლის კუნძული აღწერს ყველა იმ გარემოებას, რაც ინდივიდის ფუნქციონირებას აფერხებს, ადამიანები ემსგავსებიან ფრინველებს, რომელთაც, გალიაში მრავალწლიანი პატიმრობის შემდგომ, ფრენა ავიწყდებათ. წიგნის მიზანია ინდივიდუალებში მოტივაციის ჩანერგვა, რომ რაც შეიძლება ნაკლები საერთოს აღმოჩენა შევძლოთ ჯონათან გალიბლის სიუჟეტებთან.

 

ნინი სირბილაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

27-07-2023

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top