ყურადრებით ვაკვირდები „თავისუფალი ბაზრის ოდისეას“. ფილოლოგისთვის „ოდისეა“ სრულებით გასაგები სიტყვაა, თუმცა, რა უცნაურ კავშირს ქმნის სამივე ერთიან ფრაზაში. ვგრძნობ, რაღაც საინტერესო მელის, თუ არ ჩავთვლით იმას, რამდენად მწირია ჩემი ცოდნა ეკონიმიკასა და საბაზრო სფეროში. და იქნებ, სწორედ ამიტომაცაა ჩემთვის ეს წიგნი?!
გამომცემლის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „პრობლემის/სიღარიბის დაძლევის გზაზე უმეცრება პირველი ბარიერია.“ როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო ამ ფრაზას? დიახ, უმეცრებაა ის სარეველა, რომელიც ხილულია და თავის დამალვას სულაც არ ცდილობს. სწრაფად მოედება საზოგადოების ყველა ფენას, თავისუფალ სივრცეს აღარ ტოვებს ფიქრისა და განსჯისათვის. უმეცრების ბურუსში გახვეული საზოგადოება ვეღარ მართავს საკუთარ ცხოვრებას პირადი ინტერესებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რადგან მავანნი – ლორდები და ლორდთა მსგავსნი, ქვეყნის პროგრესისა და ადამიანთა კეთილდღეობის ლოზუნგით იმგვარ კანონებს ქმნიან, რომელთა დასაცავად საგადასახადო კოდექსის მსხვერპლი საზოგადოების ერთი ნაწილი მუხლებზე დაჩოქილი დადის, მეორე ნაწილი კი, რომელსაც არ მოუსურვებია მუხლებზე დგომა, მხრებში კი გამართულა, თავისუფლად დაიარება, არ ეპუება მიღებულ კანონს და მეტ გადასახადსაც კი იხდის, თუმცა, რა იცვლება ან ერთის ხოხვით, ან მეორის ბეგარით? სრულიად არაფერი! საზოგადოება ჭაობში ეფლობა. სარგებლობს ჩინოვნიკთა ერთი ნაწილი, როგორც ამას ერთი მეთევზე წერს: „ამ ტბაში თევზები ისეთი სისწრაფით პატარავდებიან, რა სისწრაფითაც იზრდება მმართველის ხელფასი.“ ამგვარ კანონთა სიმახინჯეს ასეთი ახსნაც შეესაბამება: ადამიანთა სარგებელი ისეთი სისწრაფით იკლებს, რა სისწრაფითაც მატულობს ჩინოვნიკთა ხელფასები!
უმეცრებადაავადებული საზოგადოება მზის აკრძალვასაც კი ითხოვს, რადგან მზეს სანთლებისა და ქურქების ბიზნესისთვის უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლიაო, გაცხარებული აცხადებს პეტიციისთვის ხელმომწერთა შემგროვებელი „ბიზნესმენი“, რადგან „გენიალური გეგმის“ ნაწილად გრძნობს თავს.
რა შეიძლება სახელად დავარქვათ იმას, რასაც ერთხმად ახმოვანებს „კანონმორჩილი“ საზოგადოება: მთავრობამ დაადგინა, რომ „მთავარი მიზეზი უიღბლობა და უამინდობაა. ბუნების ახირება იწვევს ფასების ზრდას და ცხოვრების დონის დაქვეითებას – განსაკუთრებით, ტყისპირა და სოფლის მეურნეობის მხარეებში.“ მართლაც, რკინის არგუმენტია მათთვის, ვისთვისაც დაუწერიათ ეს სიტყვები. თუ სხვაგვარად ვფიქრობთ, ყურადღებით წავიკითხოთ „ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“, ჯონათანთან ერთად გავიაროთ კორუმპოს კუნძული, გზადაგზა შევისვენოთ ფიქრისა და განსჯისათვის და მრავალი კითხვა დავიგროვოთ იმისთვის, რომ სწორი გზა ვიპოვოთ.
თინათინ დვალი, მასწავლებელი – მწვანე სკოლა.
08-06-2023