ზოგჯერ იუმორითა და სატირით უფრო მეტი ზიანის მიყენება შეგვიძლია ცუდი იდეებისთვის, ვიდრე დიდი სამეცნიერო გამოცემებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ პოლიტიკურ სატიარაზე, როგორიც არის კენ სქულანდის „ჯონათან გალიბლის თავგადასავალი“. ერთი შეხედვით ეს მოგვაგონეს „გულივერის მოგზაურობას“ რომელიც ატარებს სოციალიზმის, თანასწორობისა და დემოკრატიის იდეას.
მთავარი სიუჟეტი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. ნავზე მყოფი ახალგაზრდა კაცი, ჯონათან გალიბლი მოხვდება უცნაური სახელწოდების მქონე კუნძულ კორუმპოს სანაპიროზე, სადაც შესასვლელის მეორე მხარეს წერია სიტყვები: „მხოლოდ გამოსასვლელი, შესვლა აკრძალულია“. მისი თავგადასავალი იწყება კუნძულის შესასვლელიდან. ერთი მეორის მიყოლებით სქულანდი აბუჩად აგდებს იმ დამცინავ და დემენციურ კანონებს, რომელსაც მკითხველი მარტივად ამოიცნობს, ისევე როგორც საკუთარ თავებს ან თუნდაც კოლეგებს ამერიკის პოლიტიკურ სცენაზე.
ერთ-ერთი პირველი ეკონომიკური გაკვეთილი, რომელსაც სქულანდი გვასწავლის ეხება კოლექტიური საკუთრების „მიმზიდველ“ იდეას. ის ხვდება მეთევზეს, რომელმაც თევზი დაიჭირა. მეთევზე სწუხს, რომ ტბა არ არის ისეთი პროდუქტიული და ნაყოფიერი როგორიც ადრე იყო, რადგან ხალხი ნაგავს ყრის და მეთევზეების რაოდენობამაც მოიმატა. მისი ახსნა შემდეგია:“ ეს ტბა ჩემი სულაც არ არის. ის ყველას საკუთრებაა-როგორც ტყეები და მდინარეები“. საბოლოოდ კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ყველას საკუთრება არავის საკუთრება არ არის.
ყველაფერი იხსნება მე-11 თავში სახელწოდებით „ ძალაუფლებით ვაჭრობა“ როდესაც ჯონათანი პირველ პოლიტიკოსს ხვდება, ლედი ბესს ტვიდს, ლორდთა საბჭოს წარმომადგენელს. ეს სწორედ ის ორგანოა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტბას ფლობს და სხვა ყველა დანარჩენს. წიგნის ალეგორიული მიდგომა მკითხველს საშუალებას აძლევს გაიაზროს ეკონომიკური იდეები იმ პერსონაჟებისა და სიტუაციების საშუალებით, რომლებსაც ჯონათანი ხვდება თავის მოგზაურობაში.
წიგნის ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის რთული ეკონომიკური იდეების გამარტივება და საინტერესო ნარატივის სახით წარმოჩენა. ის საშუალებას აძლევს მკითხველს, მათ შორის ეკონომიკაში შეზღუდული ცოდნის მქონე პირებს, გაითავისონ ისეთი ფუნდამენტური ცნებები, როგორიცაა მთავრობის როლი, კერძო საკუთრების უფლება, თავისუფალი ბაზარი და ინდივიდუალური თავისუფლება.
ვფიქრობ, წიგნის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ასპექტი არის ის, თუ როგორ უსვამს ხაზს იუმორით, ეკონომიკაში მთავრობის ჩარევის და რეგულაციების დაწესების გაუთვალისწინებელ შედეგებს, აჩვენებს მის არაეფექტურობასა და აბსურდულობას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას კარგად გამიზნული პოლიტიკისგან.
„ჯონათან გულბლის თავგადასავალი“ მუდმივად ხაზს უსვამს ინდივიდუალური თავისუფლებისა და პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, როგორც პროგრესისა და კეთილდღეობის ძირითად მამოძრავებელს.
შეიძლება ზოგიერთმა მიიჩნიოს, რომ სქულანდი ზედმეტად ამარტივებს ზოგიერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხს და ჯონათან გალიბლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წიგნში შესაძლოა ყოველთვის არ იყოს პრაქტიკული რეალურ სამყაროში. გარდა ამისა, ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ წიგნის ლიბერტარიანული პერსპექტივა შეიძლება იყოს ზედმეტად მიკერძოებული ან ცალმხრივი.
მაგრამ, ვფიქრობ გამოგონილი კუნძული და მისი მაცხოვრებლები ქმნიან ტილოს შემოქმედებითი აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრისთვის. მკითხველს შეუძლია მოიფიქროს ჯონათანის წინაშე მდგარი გამოწვევების ალტერნატიული გადაწყვეტილებები და გამოიკვლიოს, თუ როგორ იმოქმედა სხვადასხვა არჩევანმა კუნძულის ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაზე.
აინ რენდის წვლილი წიგნის დაწერაში უდაოა. თავად მთავარი პერსონაჟის სახელიც, ჯონათან გალიბლი ძალიან მოგვაგონებს ჯონ გალტის სახელს. სწორედ რენდის ინდივიდუალური თავისუფლების ფილოსოფია იყო ის ბიძგი რამაც სქულანდს გადააწყვეტინა კორუმპოს „ზღაპრული“ სამყარო შეექმნა.
კენ სქულანდის გამოგონილი სამყარო ჩვენი დღევანდელი რეალობაა და სწორედ ამის გასააზრებლად საჭიროა აღმოვჩნდეთ იმ პესონაჟების ადგილას, რომლებსაც უწევთ გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევებს. ბოლოს ისმის შეკითხვა არსებობს კი ბედნიერი დასასრული? სქულანდი ამას პირდაპი არ გვეუბნება და როგორც ყველა ნაწარმოების ბოლოს არ მიგვითითებს რომ ეს არის ბედნიერი დასასრული. მაგრამ „თავისუფლების მიწა“ არის ის შესაძლებლობა რომელიც ჯონათანს აიძულებს დარჩეს და გამოიყენოს ის გამოცდილება, რაც მან კუნძულ კორუმპოზე მიიღო. სწორედ ეს წიგნი შეიძლება გახდეს ჩვენი მოტივაცია რომ მივაღწიოთ ჯერ „თავისუფლების კუნძულს“ და შემდეგ დავიწყოთ ინდივიდუალური სურვილების განხორციელება.
თამარ ხუბერაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
03-08-2023